თეგი: ანზორ ჩუბინიძე

ანზორ ჩუბინიძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება არანაირი შეხება არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოძახებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა. „ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ეს ეტაპი და ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდის განმავლობაში მე არ ვიყავი სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ მქონდა. მე აქ გამოძახებული ვარ დაცვის მხარის მოწმედ. მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია დაცვის მხარის პოზიციების გასამყარებლად გამოძახებული ანზორ ჩუბინიძე", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

პარლამენტში ნდობის ჯგუფის წევრებმა ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს სამსახურის საქმიანობის ანგარიში და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია უწყების მიერ 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობას. ნდობის ჯგუფი აქტიურად აგრძელებს წლიური მოხსენებების მოსმენას და როგორც კი დასრულდება აღნიშნული პროცესი, ჩვენ გადავალთ შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გააკეთა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია. მის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. ჩუბინიძის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულია შენატანი, რომელიც შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც. რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე. არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს.  „ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას.  „დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე.